საქართველოში ერთადერთ ნიღბების თეატრი შენობის გარეშეა

21 წლიანი ისტორიის მქონე თეატრის მსახიობები რეპეტიციებს ფოიეში გადიან.

ბალახიან და ფოთლებიან გზას ნიღბების თეატრისკენ მივყავარ. ხარაზოვის ბაღში მდებარე თეატრამდე გზა პრინციპში არც არსებობს. ბალახებიდან აყრილ ქვაფენილზე გადავდივარ და ნახევრად დანგრეულ შენობას ვუახლოვდები. ხის ძველ კარებს ვაღებ და ვხედავ, რომ მსახიობებს რეპეტიციების გავლა თეატრის ფოიეში უხდებათ. ეს ერთადერთი ოთახია სადაც ყოფნა შეიძლება. სხვა ოთახები დანგრეულია. მხოლოდ რამდენიმე ძველი დეკორაცია გვამცნობს, რომ აქ ოდესღაც ნიღბების თეატრი იყო. ახლა კი პრობლემები აშკარად შეუნიღბავია. სურათის გადასაღებად შესულს მაფრთხილებენ, რომ შეიძლება ჭერი ჩამოინგრეს ან ფეხი რამეს წამოვდო. თუმცა მაინც შევდივარ, ბოლომდე, რომ დავრწმუნდე თუ როგორია ოდესღაც ბავშვების საყვარელი ადგილი დღეს. საქართველოში ერთადერთი, 21 წლიანი ისტორიის მქონე ნიღბების თეატრი ფაქტიურად აღარ არსებობს.
თეატრის დირექტორს დავით ჯიშკარიანს პრობლემებზე საუბარს ვთხოვ. ისიც მიყვება, თუმცა საკითხს ძალიან დელიკატურად ეხება. ცდილობს მისმა საუბარმა ქალაქის ხელისუფლება არ გაანაწყენოს და უკვე მრავალჯერ დაპირებული დახმარება ისევ დაპირებად არ დარჩეს.
დავით ჯიშკარიანი: „გუბერნატორი დამპირდა, რომ წელს შენობის რემონტი ვერ მოხერხდება, და მომავალ წელს ვარაუდობთ, რომ სარემონტო სამუშაოებს დავიწყებთო. აქ მინდა ბავშვთა კულტურული ცენტრის გაკეთება. ერთად იქნებოდა თოჯინების და ნიღბების თეატრი, ბავშვთა გასართობი და დაბადების დღის ცენტრი. წინა მერმა იდეა ძალიან მომიწონა, მაგარამ რეალურად არაფერი გაკეთებულა. ახლანდელამა მერმა გია თევდორაძემ გვითხრა, რომ ჭერს მაინც გადაგიხურავთო, მაგარმ ეს დაახლოებით 100 ათასი ლარი ჯდებოდა და ამ თანხით ახალ შენობაას ააშენებდნენ. ამ შენობას დახურვა არ შველის. ამას კაპიტალური რესტავრაცია სჭირდება, უბრალოდ ამისთვის ძალიან დიდი სახსრებია საჭირო. დარწმუნებული ვარ, რომ ქალაქის მერასაც და მხარის გუბერნატორსაც უნდა, რომ დაგვეხმაროს მაგარამ ეს ძალიან ძვირი ჯდება და ალბათ ქალაქს ამ ეტაზე ამის საშუალება არ აქვს. გუბერნატორმა, მითხრა რომ ქალაქი მართლაც ამაყობს ჩვენი თეატრით და მაქსიმალურად ეცდებიან დახმარებას. თუკი მართლა გაკეთდება ბავშვთა კულტურული ცენტრი ეს ბავშვებისთვის დიდი საჩუქარი იქნება. ასეთი ცენტრი ჯერ საქართველოსში არ არსებობს. ძლიან ცუდ მდგომარეობაში ვართ და ყველას ვთხოვთ დახმარებას. იქნებ, რომელიმე ბიზნესმენმა კეთილი ნება გამოიჩინოს და დაგვეხმაროს. ფაქტიურად სცენაც კი არ გვაქვს, რომ სპექტაკლები ვაჩვენოთ. ვერ ვიტყვი რომ ქალაქის ხელმძღვანელობა არ გვეხმარება. ხშირად უზრუნველყოფს ჩვენს ტრანსპორტირებას. ცოტა ხნის წინ თურქეთში გვქონდა გასტროლი და ტრანსპორტისთვის საწვავი გამოგვიყვეს. უმადურები ნამდვილად არ ვართ, მაგრამ თეატრმა რომ იარსებოს კიდევ უფრო მეტია საჭირო. გამოსვლები ძირითადად სკოლებში გვაქვს. დაახლოებით ერთი კვირის წინ თბილისში ვიმყოფებოდით საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, სადაც ჩვენმა თეატრმა ჟიურის სიმპათია მოიპოვა და ფესტივალის აღმოჩენა გვიწოდეს. ფაქტიურად სახელმწიფო თეატრს გაგვიტოლეს. წარმოიდგინეთ რამდენი მიღწევები გვექნება პირობები რომ გვქონდეს. წარმოგიდგენიათ თეატრში 14 მსახიობია და მათ ხელფასებიც კი არ აქვთ. დეკორაციებსა და ფორმებსაც კი ჩვენი სახსრებით ვაკეთებთ. სპექტაკლი „სამი გოჭი“ დავდგით და ერთ ფორმაში 900 ლარი მოგვთხოვეს. თეატრი 21 წლის წინ დაარსდა. თავიდან მინიატურებით დავიწყეთ, შემდეგ ოდევილები და ბოლოს საკუთარი რეპერტუარი შევქმენით. ახლა რეპერტუარში 12 სპექტაკლი გვაქვს. ფესტივალზე, რომელზეც გესაუბრებოდით დავით კლდიაშვილის „ბაკულას ღორებით“ წარვსდექით მაყურებლის წინაშე. ამ სპექტაკლს არაერთხელ მოუპოვებია აღიარება. მოკლედ კმაყოფილი ვართ იმის რასაც ადგილობრივი ხელისუფლება გვიკეთებს , მაგრამ უმორჩილესად ვთხოვთ ყველას იქნებ უფრო მეტი შესძლონ რომ თეატრმა არსებობა გააგრძელოს“.
იმის გასარკვევად როდის იგეგმება ნიღბების თეატრის დახმარება და რამდენად იცნობს ადგილობრივი ხელისუფლება მათ პრობლემებს „ვერსია“ ქუთაისის მერიის პრესცენტრს დაუკავშირდა თუმცა პასუხი არ მიგვიღია. როგორც ჩანს ნიღბების თეატრის პრობლემები მათთვის „შენიღბულია“.

თორნიკე ხურციძე.

About rachaimereti

იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის საინფარმაციო ცენტრი ეს არის თავისუფალი ჟურნალისტების ჯგუფი, რომელთა მიზანია იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში მიმდინარე ამბების გაშუქება, ინფორმაციის სწრაფად მოპოვება-გავრცელების გზით.
This entry was posted in კულტურა, რეგიონი, საზოგადოება, სიახლე. Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი