ირიბი მოქმედების კიბერ თეატრი


გოგი გვახარიამ რადიო თავისუფლების ეთერში – კულტურის მიმოხილვაში ქუთაისის ირიბი მოქმედების კიბერ თეატრზე ისაუბრა­­.
“მისი მცირე რიცხოვანი დასი, სამოყვარულოვ ვიდეო კამერით იღებს პროვოკაციულ პერფორმანსებს, ათავსებს სოციალურ ქსელებში და ნელ ნელა აღწევს მიზანს. ამ წარმოდგენების ხილვის შემდეგ შეიძლება დარწმუნდეთ რომ თუნდაც ირიბი მოქმედების თეატრს შეუძლია საზოგადოების თუნდაც მცირე წრის გამოფხილზება” – აღნიშნა მან.

Posted in კულტურა | Tagged , , , | დატოვე კომენტარი

მუხლი 37. ბ) შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა

სკანდალი ქუთისის მუზეუმში

ნათესაური კავშირით დანიშნული თანამშრომლები და სკანდალური წერილი, რომელიც კულტურის სამინისტროში გაგზავნეს

„ხეთქე და გაამრავლეს“ მეთოდით მოქმედი ქუთაისის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ომარ ლანჩავა და მისი მარჯვენა ხელი, კრემიანი ნამცხვრებისა და გოჭის ხორცის მოყვარული ნონა ქარციძე _ ამ ეპითეტებით მოიხსენიებენ მუზეუმის უკვე ყოფილი თანამშრომლები მათ ასევე ყოფილ უფროსებს. სიცოცხლის ხელყოფის მუქარა და 1937 წელი XXI საუკუნის მუზეუმში, _ ასე აფასებენ ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმის ყოფილი თანამშრომლები მუზეუმში არსებულ ვითარებას. აქვე წარმოგიდგენთ იმ სკანდალურ წერილსაც, რომელიც, „ვერსიის“ სანდო წყაროს ცნობით, კულტურის სამინისტროში გაიგზავნა და ომარ ლანჩავას შავბნელი საქმეები და მასთან ნათესაური კავშირის მქონე თანამშრომლების სიაა გამოაშკარავებული. რატომ უპირისპირდებიან ომარ ლანჩავას მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომლები და რა სკანდალურ და ექსკლუზიურ განცხადებებს აკეთებენ ისინი „ვერსიასთან“ საუბარში? Continue reading

Posted in საზოგადოება | დატოვე კომენტარი

ქუთაისის ხელმძღვანელთა პოზიცია ტელეკომპანია „იმედისა“ და უიმედო მობინადრეების მიმართ

ტელეკომპანია „იმედის“ ფილიალის მშენებლობა ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ?17-ში, კვლავ მიმდინარეობს. მოსახლეობის პროტესტის და პრეტენზიების მიუხედავად, მშენებლობა არ შეჩერებულა.

როგორც კორპუსის მერვე სართულის მცხოვრებლებმა ჩვენთან საუბრისას განაცხადეს, ახლახან ქუთაისის მერს, გიორგი თევდორაძეს შეხვედრიან და უკმაყოფილოები დარჩენილან:

ნინო ჯინჭარაძე: „კაბინეტში შესვლისთანავე მერმა გვირჩია, ემოციები მოგვეთოკა და თემაზე გადავიდა: ეს არის პრიორიტეტი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით – ქალაქისთვის, თუ ხელს შეგვიშლით, არსებობენ ორგანოები, რომლებიც ამ ხელისშეშლას მოაგვარებენო. ასევე დასძინა, რომ თუკი სურვილი გვექნებოდა, ბინას გვიქირავებდა და გადაგვიხდიდა 500 ლარს ქირისა და კომუნალური ხარჯებისთვის.“

ქალბატონმა ნინომ ისიც გვითხრა, რომ 10 იანვარს, მას შემდეგ, რაც თემა გახმაურდა,   მოვიდა   ტელეკომპანია   „იმედიდან“   წერილი,  რომელშიც  ეწერა, რომ ბოდიშს უხდიდნენ მცხოვრებლებს და დაზიანების შემთხვევაში აანაზღაურებდნენ ზარალს.

ამ მშენებლობასთან დაკავშირებით ქალაქის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსს ვასილ მებურიშვილს ვესტუმრეთ. მასთან ინტერვიუს სტილის დაცვით გთავაზობთ.

– ბატონო ვასილ, რას გვეტყვით ირაკლი აბაშიძის ქუჩის ?17 კორპუსში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შესახებ? 

– რაც შეეხება იმ მშენებლობას, კანონის დაცვით და კანონთან შეთანხმებით მიმდინარეობს. მინდა გითხრათ, რომ ირაკლი აბაშიძის ?17 მიმდინარე მშენებლობა, „იმედის“ ტელევიზიის წარმომადგენლობის ოფისის მშენებლობა, მიმდინარეობს კანონმდებლობის შესაბამისად და კანონმდებლობის დაცვით. ეს იმაში გამოიხატება, რომ პირველ რიგში მოსახლეობა აბსოლუტურად ინფორმირებული არის თითოეულ დეტალზე. ე.ი. ეს პროექტი ითვალისწინებს მსუბუქ კონსტრუქციას ამ ბინის თავზე, სახურავზე.

– რამდენად მსუბუქად შეიძლება ჩაითვალოს 25 ტონიანი კონსტრუქცია?

– 25 ტონიანი არ არის. მე არ ვიცი ზუსტად წონა, მაგრამ ვიცი, რომ ამ სიმძიმის არ იქნება და ისიც ვიცი კიდევ, რომ ყველაზე წამყვანი და ძლიერი კონსტრუქტორები იყო ამ საქმეში ჩართული და მათი კონსტრუქციული დასკვნები არსებობს ამასთან დაკავშირებით – რომ ეს უმნიშვნელო დატვირთვაა იმდენად, რამდენადაც, თუკი არ მოხდებოდა რკინა-ბეტონის გამოყენება, ან ბლოკით მოხდებოდა კედლების ამოყვანა, მაშინ გარკვეულ სიმძიმეებთან არის დამოკიდებული და დატვირთვას მიიღებდა. თუმცა ასეთი მშენებლობებიც არის პრაქტიკაში, მაგრამ ამას შესაბამისი, რაღაც სხვა ტიპის სამუშაოების ჩატარება სჭირდება. ამასთან შედარებით, რასაც რკინა-ბეტონის კონსტრუქცია ჰქვია, ეს არის მსუბუქი კონსტრუქციის მასალები, არის შუშა და რკინის კონსტრუქცია და სახურავი ჩვეულებრივი, რომელიც აბსოლუტურად ჩვეულებრივად შეიძლება ყოფილიყო ამ ბინის გადახურვისათვის. ამდენად, ეს არის მსუბუქი კონსტრუქცია. მოსახლეობის, ანუ იმ სამი ოჯახის პრეტენზია, რომ მათი ჭერი იქნებოდა გამოყენებული იატაკად, სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან, როგორც კონსტრუქტორები განმარტავენ და ცნობილი არის, ეს თავსდება არა სინკარებზე, რომელიც მოსახლეობის ჭერს წარმოადგენს, არამედ – მზა კონსტრუქციებზე, რომელიც მზადდება. დიდი კონსტრუქცია არის, წარმოიდგინეთ შენობის სარტყელი და ამაზე იქნება დადებული ეს „ბალკები“, რომლებზეც ცალკე გამოყოფილი იატაკი განთავსდება იმედის ტელევიზიის იატაკსა და მოსახლეობის შემომზღუდავ გადახურვის სინკარს შორის; იქნება დაცილება, თერმოიზოლაცია, ხმის იზოლაცია და ასე შემდეგ. ასე რომ, არ შეესაბამება სიმართლეს, რომ მოსახლეობა… ამ სინკარზე ვიღაცეები გადაადგილდებიან და რაღაც კიდევ სამუშაოები ჩატარდება…

– ბატონო ვასილ, სახურავზე ჩასობილი რკინის კონსტრუქციები ჩამოსულია მოსახლეობის ჭერზე. დახეთქილია ჭერი და ზოგთან ჩამოვიდა წყალიც…

– ბრტყელი გადახურვა სახურავებზე არის პრობლემატური საკითხი. ყველა ბინას პრობლემა აქვს, თვითმმართველობას პროგრამებიც კი აქვს ამასთან დაკავშირებით. იქ არის ბრტყელი გადახურვა, იხურება, ძირითადად, ბიკროსტით,  რომელიც დროთა განმავლობაში გამოდის წყობიდან და არის ცვეთა, რომელიც წყალგამტარი ხდება. ამიტომ თვითმმართველობას ამის პროგრამებიც აქვს ძალიან ბევრი, ძალიან ხშირად უწევს ამ სახურავის ცვლა. ერთგვარად მომგებიანიც კი არის იმ მოსახლეობის გადარჩენა, რომელიც უკვე შესაბამისი წყალგაუმტარი სახურავით იქნება დახურული და ეს გამოიწვევს, პირიქით, ამ მოსახლეობის დაცვას.

რაც შეეხება იმ სამი ოჯახის პრეტენზიას, ჩვენ დავათვალიერეთ ის ოთახები და მერიის საბინაო სამსახურმა, მერის დავალებით, დაასურათა კიდეც იქ არსებული სიტუაცია სამუშაოების დაწყებამდე. „იმედის“ ტელევიზიამ აიღო ვალდებულება ჩვენი თხოვნის და მოთხოვნის შესაბამისად. თუკი მაინც ამ მუშა პროცესში, იმ კონსტრუქტორების დასკვნებში… გამორიცხულია, იქ რამე, სიცოცხლისათვის და ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში პროცესები განვითარდეს, მაგრამ თუკი რაიმე ისეთი წვრილმანი პრობლემა წარმოიშვება, თუკი რაიმე დაზიანდება, „იმედის“ ტელევიზიამ აიღო ვალდებულება, გამოკრულიც არის ბინის სადარბაზოში ამასთან დაკავშირებით, რომ ის მოახდენს თავიდან ბოლომდე ამ ხარჯების დაფარვას. რაც დაჭირდება იმ დაზიანების პირველადი სახის დაბრუნებას. თუკი რამე დაზიანდება, იმ შემთხვევაში.

– და ეს ყველაფერი ოფიციალური სახით წარედგინა მოსახლეობას?

– მოსახლეობა ქალაქის მერთან იყო შეხვედრაზე, ყველა სტრუქტურები შემოიარეს მათ და აბსოლუტურად ისეთივე სრული განმარტება მიიღეს. ახლა ტექნიკური და სპეციფიკური საკითხია მშენებლობა და შეიძლება ვერ გაიგეს  კარგად, რომ მათ ჭერზე არ ხდება ფეხით გადაადგილება „იმედის“ ტელევიზიაში მომუშავე პირების. შეიძლება, ეს დეტალები ვერ გაარკვიეს, როგორ უნდა დაშორდეს ეს იზოლაცია მათ ჭერისა და ტელევიზიის იატაკს შორის, მაგრამ ამაზე სპეციალისტები მუშაობენ და მათ აქვთ ყველაფერი დამუშავებული, დაანგარიშებული, რომ იყოს მოსახლეობა დაცული.

ჩვენ რაც შეგვეხება, თვითმმართველობის ორგანოებს, მერიამ ყველა ღონე იხმარა იმისათვის, რომ დეტალურად ჩაძიებოდა ამ პროცესებს. „იმედის“ ტელევიზიასთანაც გვქონდა ამასთან დაკავშირებით კონტაქტი და კავშირი. ის ვალდებულება თვითმმართველობის ინიციატივით და „იმედის“ ტელევიზიის ძალისხმევით გაკეთდა, რომ თუკი რაიმე მცირე დაზიანებას ექნება ადგილი, ისინი აანაზღაურებენ და მეორეც კიდევ თვითმმართველობის ინიციატივით მოხდა, თავის დაზღვევის მიზნით, ქალაქში არსებული სპეციალისტების მიყვანა და გარკვევა ამ თემაში – რომ აქ ისეთი სამუშაო პროცესი ხომ არ მიმდინარეობდა, რომ, დავუშვათ, საფრთხეს შეუქმნიდა იქ მცხოვრებ ადამიანებს. თვითმმართველობის  ორგანოების ყველა სამსახური ჩართულია, ვისაც ეხება ეს საკითხი, რომ თავის პასუხისმგებლობის ქვეშ ისე გააკეთონ ეს საქმე და ისე დამთავრდეს ეს აღმშენებლობა, რომ ვინმეს ინტერესი არ შეილახოს, ვინმეს ჯანმრთელობა არ დაზიანდეს და ვინმეს სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს. ასეთი პროცესები გამორიცხულია იმ სპეციალისტების დასკვნებით, რომლებიც ქალაქში სხვა, უფრო მნიშვნელოვან შენობებს აპროექტებენ და ზედამხედველობენ.

– სად შეიძლება ვნახოთ ეს დასკვნები?

– ეს დასკვნები შეგიძლიათ ნახოთ იმ მშენებლებთან, რომლებიც აწარმოებენ ამ სამუშაოებს და შეგიძლიათ მოითხოვოთ ასევე მერიაში – საჯარო ინფორმაციის სახით.

– რატომ მაინცდამაინც სახურავის თავზე „იმედის“ ტელევიზია?

– თავისი სპეციფიური ფართი სჭირდება ტელევიზიას, ელემენტარული სიმაღლე უნდა ყოფილიყო ცოტა მეტი, ვიდრე ის ოთახები არის იქ, ამიტომ სინკარებს ხომ არ აიღებდნენ! თანაც, უნდა ყოფილიყო ეს კონსტრუქცია თავისებური. არავის აზრად არ მოსვლია, ვინმეს  საკუთრებაში  შეჭრილიყო და მოლაპარაკებები გაემართა – ეს ფართი გვჭირდებაო. პირიქით, ალბათ, უფრო ლოგიკურიც არის „იმედის“ ტელევიზიის მხრიდან ის, რომ მოსახლეობა ასე ადვილად არ დასთანხმდებოდა საკუთარ სახლებიდან გადასვლას. ერთი ეს და მეორე, რომ ერთ-ერთი ასპექტი ის არის, რომ უნდა იყოს ცოტა უფრო მაღალი, ვიდრე არის ის საცხოვრებელი სახლები.

– რომელი სამშენებლო კომპანია ახორციელებს სამუშაოებს?

– ვერ გიპასუხებთ ამაზე. არ მახსენდება სახელი, „იმედი“ უფრო გაგცემთ პასუხს.

***

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი საკმაოდ დაბნეულად გვცემდა პასუხებს.  რაც იმის მანიშნებელი შეიძლება ჩაითვალოს, რომ იგი ინფორმირებული არ არის ამ საკითხთან დაკავშირებით. რამდენად მართებულია, ქალაქის სტრატეგიულ ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის თავზე მიმდინარეობდეს ტელევიზიის მშენებლობა, რამაც იქ მცხოვრებთა უკმაყოფილება გამოიწვია და ქალაქის მთავარმა არქიტექტორმა არ იცოდეს ამ სამშენებლო კომპანიის სახელი?

შეგახსენებთ, რომ მშენებლობას ახორციელებს კომპანია „შპს 184.“

ნინო ჩიტიაშვილი. გაზეთი “P.S.”
Posted in რეგიონი | დატოვე კომენტარი

ზესტაფონის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლი

რაჭა-იმერეთის საინფორმაციო ცენტრის  და არაადეკვატური ბლოგერის ორგანიზებით რამდენიმე დღის წინ საქველმოქმედო აქცია მოეწყო. ზესტაფონიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლის 30 აღსაზრდელი ჩამოვიყვანეთ და თოჯინების თეატრში სპექტაკლი ვაჩვენეთ.  გარდა ამისა ბავშვები დავასაჩუქრეთ სახატავი რვეულებით, ფანქრებით, ხილით, კანფეტებითა და შოკოლადებით.
პოზიტიური დღე იყო. ყველანი ნასიამოვნები დავრჩით. გაწეული დახმარებისთვის მადლობას ვუხდით იმერეთის გუბერნატორ ლაშა მაქაცარიას, ზესტაფონის მუნიციპალიტეტს, თოჯინების თეატრის კოლექტივს და ყველა იმ ადამიანს, ვინც თანხა გადმორიცხა, რომ ამ ბავშვებისთვის 1 ლამაზი და დადებითი დღე გვეჩუქებინა.

This slideshow requires JavaScript.

Posted in საზოგადოება | Tagged , , , , | დატოვე კომენტარი

გამოფენა “ქუთაისელები ქუთაისისთვის”

ქუთაისის მერიის ინიციატივით ქალაქში  გამოფენა „ქუთისლები ქუთაისლებისთვის“ მოეწყო, სადაც მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეში მცხოვრები ისეთი ადამიანების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი, რომლებასაც ქალაქის განვითარებაში  წვლილი აქვთ შეტანილი. ღონისძიებას მუსიკალურად ქუთისის ოპერის თეატრის თანამშრომლები აფორმებდნენ და ის  კულტურის სამსახურის მიერ 600 ლარით დაფინანსებული ალა-ფურშეტით დასრულდა.

This slideshow requires JavaScript.

Posted in კულტურა | Tagged , , , , | დატოვე კომენტარი

საქართველოში ერთადერთ ნიღბების თეატრი შენობის გარეშეა

21 წლიანი ისტორიის მქონე თეატრის მსახიობები რეპეტიციებს ფოიეში გადიან.

ბალახიან და ფოთლებიან გზას ნიღბების თეატრისკენ მივყავარ. ხარაზოვის ბაღში მდებარე თეატრამდე გზა პრინციპში არც არსებობს. ბალახებიდან აყრილ ქვაფენილზე გადავდივარ და ნახევრად დანგრეულ შენობას ვუახლოვდები. ხის ძველ კარებს ვაღებ და ვხედავ, რომ მსახიობებს რეპეტიციების გავლა თეატრის ფოიეში უხდებათ. ეს ერთადერთი ოთახია სადაც ყოფნა შეიძლება. სხვა ოთახები დანგრეულია. მხოლოდ რამდენიმე ძველი დეკორაცია გვამცნობს, რომ აქ ოდესღაც ნიღბების თეატრი იყო. ახლა კი პრობლემები აშკარად შეუნიღბავია. სურათის გადასაღებად შესულს მაფრთხილებენ, რომ შეიძლება ჭერი ჩამოინგრეს ან ფეხი რამეს წამოვდო. თუმცა მაინც შევდივარ, ბოლომდე, რომ დავრწმუნდე თუ როგორია ოდესღაც ბავშვების საყვარელი ადგილი დღეს. საქართველოში ერთადერთი, 21 წლიანი ისტორიის მქონე ნიღბების თეატრი ფაქტიურად აღარ არსებობს.
თეატრის დირექტორს დავით ჯიშკარიანს პრობლემებზე საუბარს ვთხოვ. ისიც მიყვება, თუმცა საკითხს ძალიან დელიკატურად ეხება. ცდილობს მისმა საუბარმა ქალაქის ხელისუფლება არ გაანაწყენოს და უკვე მრავალჯერ დაპირებული დახმარება ისევ დაპირებად არ დარჩეს.
დავით ჯიშკარიანი: „გუბერნატორი დამპირდა, რომ წელს შენობის რემონტი ვერ მოხერხდება, და მომავალ წელს ვარაუდობთ, რომ სარემონტო სამუშაოებს დავიწყებთო. აქ მინდა ბავშვთა კულტურული ცენტრის გაკეთება. ერთად იქნებოდა თოჯინების და ნიღბების თეატრი, ბავშვთა გასართობი და დაბადების დღის ცენტრი. წინა მერმა იდეა ძალიან მომიწონა, მაგარამ რეალურად არაფერი გაკეთებულა. ახლანდელამა მერმა გია თევდორაძემ გვითხრა, რომ ჭერს მაინც გადაგიხურავთო, მაგარმ ეს დაახლოებით 100 ათასი ლარი ჯდებოდა და ამ თანხით ახალ შენობაას ააშენებდნენ. ამ შენობას დახურვა არ შველის. ამას კაპიტალური რესტავრაცია სჭირდება, უბრალოდ ამისთვის ძალიან დიდი სახსრებია საჭირო. დარწმუნებული ვარ, რომ ქალაქის მერასაც და მხარის გუბერნატორსაც უნდა, რომ დაგვეხმაროს მაგარამ ეს ძალიან ძვირი ჯდება და ალბათ ქალაქს ამ ეტაზე ამის საშუალება არ აქვს. გუბერნატორმა, მითხრა რომ ქალაქი მართლაც ამაყობს ჩვენი თეატრით და მაქსიმალურად ეცდებიან დახმარებას. თუკი მართლა გაკეთდება ბავშვთა კულტურული ცენტრი ეს ბავშვებისთვის დიდი საჩუქარი იქნება. ასეთი ცენტრი ჯერ საქართველოსში არ არსებობს. ძლიან ცუდ მდგომარეობაში ვართ და ყველას ვთხოვთ დახმარებას. იქნებ, რომელიმე ბიზნესმენმა კეთილი ნება გამოიჩინოს და დაგვეხმაროს. ფაქტიურად სცენაც კი არ გვაქვს, რომ სპექტაკლები ვაჩვენოთ. ვერ ვიტყვი რომ ქალაქის ხელმძღვანელობა არ გვეხმარება. ხშირად უზრუნველყოფს ჩვენს ტრანსპორტირებას. ცოტა ხნის წინ თურქეთში გვქონდა გასტროლი და ტრანსპორტისთვის საწვავი გამოგვიყვეს. უმადურები ნამდვილად არ ვართ, მაგრამ თეატრმა რომ იარსებოს კიდევ უფრო მეტია საჭირო. გამოსვლები ძირითადად სკოლებში გვაქვს. დაახლოებით ერთი კვირის წინ თბილისში ვიმყოფებოდით საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, სადაც ჩვენმა თეატრმა ჟიურის სიმპათია მოიპოვა და ფესტივალის აღმოჩენა გვიწოდეს. ფაქტიურად სახელმწიფო თეატრს გაგვიტოლეს. წარმოიდგინეთ რამდენი მიღწევები გვექნება პირობები რომ გვქონდეს. წარმოგიდგენიათ თეატრში 14 მსახიობია და მათ ხელფასებიც კი არ აქვთ. დეკორაციებსა და ფორმებსაც კი ჩვენი სახსრებით ვაკეთებთ. სპექტაკლი „სამი გოჭი“ დავდგით და ერთ ფორმაში 900 ლარი მოგვთხოვეს. თეატრი 21 წლის წინ დაარსდა. თავიდან მინიატურებით დავიწყეთ, შემდეგ ოდევილები და ბოლოს საკუთარი რეპერტუარი შევქმენით. ახლა რეპერტუარში 12 სპექტაკლი გვაქვს. ფესტივალზე, რომელზეც გესაუბრებოდით დავით კლდიაშვილის „ბაკულას ღორებით“ წარვსდექით მაყურებლის წინაშე. ამ სპექტაკლს არაერთხელ მოუპოვებია აღიარება. მოკლედ კმაყოფილი ვართ იმის რასაც ადგილობრივი ხელისუფლება გვიკეთებს , მაგრამ უმორჩილესად ვთხოვთ ყველას იქნებ უფრო მეტი შესძლონ რომ თეატრმა არსებობა გააგრძელოს“.
იმის გასარკვევად როდის იგეგმება ნიღბების თეატრის დახმარება და რამდენად იცნობს ადგილობრივი ხელისუფლება მათ პრობლემებს „ვერსია“ ქუთაისის მერიის პრესცენტრს დაუკავშირდა თუმცა პასუხი არ მიგვიღია. როგორც ჩანს ნიღბების თეატრის პრობლემები მათთვის „შენიღბულია“.

თორნიკე ხურციძე.

Posted in კულტურა, რეგიონი, საზოგადოება, სიახლე | დატოვე კომენტარი

სინაგოგა ონში

ფოტო ვიკიპედიიდან

ონის სინაგოგა აშენებულია 1895 წელს.1991 წელს კი მოხდა მისი რესტავრაცია.მას ყავს წინამძღოლი რაბინი .ადრე ონში ბევრი ებრაელი ცხოვრობდა ეხლა კი მხოლოდ 15 სულია დარჩენილი.
სინაგოგის სამშენებლო მასალად გამოყენებულია თეთრი კირქვა.იგი ონის ებრაელთა უბნის ცენტრშია აშენებული.მას ოთქკუთხედი ფორმა აქვს.სახურავი გუმბათიანია.გუმბათი სრულდება მრავალქიმიანი ვარსკვლავით.მთლიანად შენობა ორიენტირებულია აღმოსავლეთისკენ.  Continue reading

Posted in კულტურა, რეგიონი | Tagged , , , , | დატოვე კომენტარი

როგორ პირობებში ცხოვრობენ უმისამართო ქუთაისელები?

საქართველოს მეორე დედაქალაქში, იქ სადაც 2012 წლის 26 მაისს საქართველოს საპარლამენტო სესია უნდა გაიმართოს, სულ რაღაც 2 კილომეტრის მოშორებით უმისამართო, უგზო-უწყლო და უგაზო დასახლებაა. 400 კომლი გეოგრაფიული და საქალაქო ადგილმდებარეობის განსაზღვრას დღემდე უშედეგოს ცდილობს. მისამართები კი ბევრი იყო. ჯერ დაჩად, მერე საქუსლიად ბოლოს კი წმინდა ლუკას დასახლებად მონათლულ უბანი ამ დრომდე ოფიციალურად არსად არ ფიქსირდება. თუმცა უმისამართო ქუთაისელების მიგნებას ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელები წინასაარჩევნოდ კარგად ახერხებენ.

უმისამართო უბნამდე მისვლა ადამიანების გარდა ტრანსპორტსაც უჭირს. გზის პრობლემის გამო ავტოქარხნის უბანი, რომელიც ქუთაისს ეკუთვნის ქალაქს პრაქტიკულად ვერ უკავშირდება. 400მდე ოჯახი საკუთარ კარმიდამომდე წყალტუბოს მხრიდან დამატებითი 7 კილომეტრის გავლის შემდეგ აღწევს. ყველაზე მეტად ავტოქარხნელებს მაინც უსტატუსო უბანი და მასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ.
“პირადობა მქონდა დაკარგული, პენსიის მისაღებად მინდოდა გამეკეთებინა, მაგრამ იუსტიციის სახლში აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი უბანი ოფიციალურად არსად არ ფიქსირდება. წარმოიდგინეთ, როგორია ცხოვრება ასეთ ადგილზე. ეს ყველაფერი პრობლემას არა მხოლოდ ოფიციალური დოკუმენტაციის კაგაკეთების დროს გვიქმნის არამედ ყოფით ცხოვრებაშიც”-ამბობს ერთ-ერთი მცხოვრები ლიანა კოვზაძე
ბეჟან დარსალია: ” სანამ მისამართი არ გვექნება და სხვა ყველა პრობლემაზე საუბარი ვფიქრობ, რომ უაზრობაა. მხოლოდ საარჩევნოდ ვახსენდებით. მოვლენ დაგვპირდებიან და წავლენ. ეს უკვე წლებია გრძელდება”.

უმისამართობისის გარდა წმინდა ლუკას დასახლებაში მცხოვრებლებს სხვა პრობლემებიც აქვთ. დასახლებას გაზი საერთოდ არ მიეწოდება. ადგილობრივების თქმით პრობლემას გამოუცვლელი მიწისქვეშა წყლის მილებიც ქმნის, რომელიც ამორტიზებულია და დიდი ოდენობით წყალი ქუჩაში იღვრება. დაღვრილი წყლის საფასურის გადახდა კი ხშირ შემთხვევაში თავად მოსახლეობას უწევს.

ცისანა მესხორაძე. “არ გავქვს გაზი. წყლის მილები გამოსაცვლელია და წყალი ვიდრე სახლში შემოვა ქუჩაში იღვრება. წარმოგიდგენიათ, როგორ პირობებში ვცხოვრობთ? იმერეთის გუბერნატორ ლაშა მაქაცარიასთან ორჯერ ვიყავი., ორჯერ დავუტოვე განცხადება მაგრამ არც პასუხი ყოფილა და რეაგირება მითუმეტეს. გვითხრას ვინმემ როდის მოგვაქცევნ ყურადღებას და როდის გვეშველება”.

მზია ბაღდავაძე. “პარლამენტის მშენებლობის შემდეგ რაღაც იმედი მოგვეცა. იქნებ იქ შევიდეს და დაჯდეს ისეთი ადამიანი, რომელიც ჩვენი პრობლემებით დაინტერესდება. პარლამენტიდან 2 კილომეტრში ვართ და მისამართიც კი არ გვაქვს”.
უმისამართო უბანი ზოგისთვის დაჩა ზოგისთვის საქუსლია და ზოგისთვის წმინდა ლუკას დასახლებაა, რომელიც მშენებარე პარლამენტიდან სულ რაღაც ორ კილომეტრში მდებარეობს. ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანომდე მისასვლელად გზა მართალი ჯერ არ გაუკეთებიათ მაგრამ ადგილობრივები იმედს მაინც არ კარგავენ.

მერაბ მეშველიანი. ავტოქარხნის უბნის მაჟორიტარი: “დაახლოებით ერთი წელია რაც ეს დასახლება გადმოეცა ქუთაისს. ჩვენ იქ დავიწყეთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. მართალია ყველგან არა, მაგრამ რისი საშუალებაც გვქონდა გზის პრობლემა გარკვეულწილად მოვაგვარეთ. 2012 წლიდან ვაპირებთ გავაკეთოთ საკანალიზაციო სისტემა, ღვარსადენები და ა.შ. “.

დაპირებები ავოტქარხნის უბნელებს წლებია ესმით, თუმცა სანამ გეგმა რეალობად იქცევა უმისამართო ქუთაისელებს ცხოვრება კვლავ უსტატუსო დასახლებაში უგზოდ, უწყლოდ და უგაზოდ უწევთ.

წყარო:გაზეთი “ვერსია”.თორნიკე ხურციძე.

Posted in რეგიონი | დატოვე კომენტარი

სოფელ კონტუათის ბაგა-ბაღი

სოფელ კონტუათის ბაგა-ბაღი  ხონის რაიონში, ნახალულევის თემის შემადგენლოაში შედის სოფელი კონტუათი. (495 კომლი, 1235 მოსახლე.) ამ სოფელში დაიბადა იპოლიტე ხვიჩია. როგორც სოფლების უმრავლესობა – კონტუათიც საკმაოდ გაჭირვებულია. რამდენიმე ხნის წინ სააგენტოში ახალი კვლევა მოვიდა და გუშინ 1 დღით ამ სოფლის ბაგა-ბაღში წავედი. ბაღში 17 აღსაზრდელი ჰყავთ. მუშაობს 2 აღმზრდელი და 1 ძიძა, რომელიც ამავდროულად მზარეულიცაა. ციფრული ფოტოაპარატი არ მაქვს და არც ჩემი მობილური იღებს ფოტოებს, რაც ძალიან სამწუხაროა. ფოტოები უკეთ მოყვებოდნენ ისტორიას, მაგრამ ვეცდები მდგომაორება ზუსტად გადმოვცე. Continue reading

Posted in საზოგადოება | დატოვე კომენტარი

ბუნტი “ბუნტის“ წინაამღდეგ

    ლევან ბიბილეიშვილი  

თანამედროვე ადამიანი,რომელიც დღევანდელ ცივილურ სამყაროსთან ერთად ვითარდება,ამჩნევს თუ როგორ იკვეცება დრო და სივრცე სხვა და სხვა საკომუნიკაციაციო საშუალებების განვითარებასთან ერთად.21 საუკუნის მთავარი გამოგონება ალბათ ჯერ -ჯერობით ინტერნეტია. იმისათვის, რომ ხმა მივაწვდინოთ ახლობლებს საზღვარგარეთ თუ სხვა და სხვა რაიონებში უკვე აღარ გვჭირდება ფოსტა(ტელეგრაფი) ან რიგში დგომა და ოპერატორის ლოდინი, თუ როდის აკრეფდა ნომერს და ლიმიტირებულ წუთებს მოგვცემდა ტელეფონზე სასაუბროდ, რათა ამ მოკლე დროის მანძილზე ახლობლისათვის ხაზის ბოლოს მთავარი ინფორმაციის მიწვდენა მოგვესწრო.თან შანსი იმისა, რომ ჩვენი საუბარი არც თუ ისე კონფიდენციალურია და გვისმენდნენ, საკმაოდ დიდი იყო. თუმცა საკომუნიკაციო საშუალებების ზრდასთან ერთად მოსმენის შანსი როგორც ბოროტი ენები ამბობენ უფრო მეტია.

ამჯერად მობილურ ქსელებზე  გავამახვილებ ყურადღებას.მიმაჩნია რომ საქართველოში არც ერთი მედია საშუალება(რადიო,ტელევიზია,პრესა)კომერციული ფირმა თუ კულტურულ-სოციალური დაწესებულება არ კონკურირებს ისე,როგორც ფიჭური კავშირგაბმულობის ქსელები. არაფერს ვიტყვი მათ ექსპლუატაციურ რბოლაზე სხვა და სხვა სატელევიზიო შოუსა თუ აგრეთვე სატელევიზიო შოუ-გათამაშებებში.შოუ,როგორც ასეთი ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად იქცა..საქართველოში არსებული სამივე ქსელის შემოთავაზებები იმდენად კომფორტული და ხელმისაწვდომია, რომ ჯერ ჯერობით,მართალია,მხოლოდ იდენტური ქსელის აბონენტთან ვსაუბრობთ 0 თეთრად,მაგრამ დრო,როცა ეს სამივე ქსელი გაერთიანდება და ერთმანეთთან მობილურით კომუნიკაცია საერთოდ „გაუფასურდება“, მგონი არც ისე შორია. იმედია ამ უკბილო ხუმრობას “მოცლილი მკითხველი“ სწორად გაიგებს.ჩემი შესავალი კი ერთი მცირე დეტალის აღწერით მინდა დავასრულო,დეტალით,რამაც მაიძულა ყურადღება გამემახვილებინა 7 დეკემბერს,რუსთაველის თეატრში,ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის სპექტაკლის პრემიერაზე. რამდენიმე წელია, რაც სხვა და სხვა სამთავრობო თუ არასამთავრაბო,სახელმწიფო თუ არასახელმწიფო დაწესებულებაში დამკვიდრდა “კორპორატიული კომუნიკაციის“ სერვისი. ჩემს სამსახურში ეს აბსოლუტურად ნებაყოფლობითია,თუმცა ერთმა ჩემმა ახლობელმა ადამიანმა,პედაგოგმა მითხრა, რომ მათთან ამ სერვისის დამკვიდრება იძულებით მოხდა.თუმცა ახლა ამაზე არ ვამახვილებ ყურადღებას.“კორპორატიული კომუნიკაციის“სერვისი ითვალისწინებს იმას, რომ ჩემი სამსახურის კოლეგასთან,თვეში მიზერული თანხის გადახდით მე ვსაუბრობ აბსოლუტურად უფასოდ,ხოლო თუ კი მე ვესაუბრები პირს,რომელიც სხვა დაწესებულებაში მუშაობს,რა თქმა უნდა ფინანსურად უფრო ვზარალდები,რადგანაც ის ჩემი კორპორაციის წევრი არაა.აქვე ერთსაც ავღნიშნავ და დავასრულებ იმით, რომ ამ სერვისმა არც თუ ისე დიდი შვება მომცა,რადგან ჩემს კოლეგებთან 8 საათიანი სამუშაო გრაფიკის შემდეგ ბევრი არაფერი მრჩება სასაუბრო,შესაბამისად პირადად მე ამ “კორპორატიულობისაგან“ ვერაფრით ვისარგებლე და სამსხურის შემდეგ კომუნიკაცია კოლექტივს გარეთ მიწევს.

ნაწილი 2

რეჟისურა მსოფლმხედველობრივი პროფესიაა,თავად რეჟისორი კი მაყურებელთან კომუნიკაციას სპექტაკლის მეშვეობით ამყარებს.თეატრალურ ხელოვნებაში რეჟისურა,როგორც პროფესია ,ყველაზე ახალგაზრდაა.მე-19 საუკუნის ბოლომდე ამ პროფესიას თავად დრამატურგები ითავსებდნენ.ამიტომ ამჯერად დრამატურგიაზე გავამახვილებ ყურადღებას.გურამ ქართველიშვილის კალამს “ცერკოვნი ბუნტთან“ ერთად ეკუთვნის რამდენიმე წლის წინ მარჯანიშვილის თეატრში გახმაურებული სპექტაკლის “ქაქუცა ჩოლოყაშვილის“ტექსტი.მომიტევოს ავტორმა ამ ეპითეტის(ტექსტი)გამოყენებისთვის, რადგან მეოცე საუკუნის დრამატურგიის განვითარებას თუ დავაკვირდებით ავტორი(დრამატურგი)იყო არა მხოლოდ უშუალოდ პიესის ავტორი,არამედ მისი დრამატურგია გარკვეულწილად  ესთეტიკურ განახლებასაც ანიჭება თატრს.ასე წარმოიშვა მაგალითისათვის ჩეხოვის დრამატურგიაზე დამყარებული რეალიზმის თეატრი,სტრინდბერგის „ინტიმური თეატრი“, არტოს “სიკვდილის თეატრი“ ჟან ჟენეს  “სისასტიკის თეატრი“ ლუიჯი პირანდელო,ბერტოდ ბრეჰტი,ბეკეტი და სხვა.ესენი ის დრამატურგები არიან,რომლებიც რეჟისურის პროფესიაში(თუმცა ყველანი არ ყოფილან თავიანთი პიესების დამდგმელი რეჟისორები) წარმოშვეს ცნება “საავტორო თეატრი“. მოვიშველიებ რუსი პოეტის იოსიფ ბროდსკის სიტყვებს სანობელო ლექციიდან, სადაცის ის ამბობს: “ეთიკა-ესთეტიკის პირმშოა“(эстетика-мать этики).

ქართული ლიტერატურა მაინცა და მაინც არასოდეს ყოფილა განებივრებული ამ დონის დრამატურგიით,თუმცა რაც შეეხება ‘’საავტორო თეატრს“სადაც დრამატურგიული ესთეტიკა, თეატრალური ეთიკის წესებს კარნახობს, ალბათ ყველაზე  ნათლად, რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრში თუ ვიხილავთ. ამიტომაც ავღნიშნე ზემოთ“მომიტევოს ავტორმა ამ ეპითეტისთვის(ტექსი)რადგან როგორც ცალკე დრამატურგიული ქმნილება,ეს ნაწარმოები არათუ ესთეტიკურ სახეს იძენს,არამედ კლასიკური,არისტოტელისებური გაგებით გაუმართავი პიესის შთაბეჭდილებას ტოვებს(თუმცა ამის დადასტურება ნაკლებად შემიძლია რადგანაც პიესის ორიგინალს ვერ გავეცანი).ამიტომაც ალბათ უხერხულიც იქნებოდა არამარტო ჩემთვის,არამედ პირადად ავტორისათვისაც, ზემოთ განმარტებულ კონტექსტში მომექცია მისი დრამატურგია.თუმცა უკანასკნელად გამოვიყენებ ამ ტერმინს(ტექსტი)და ვიტყვი რომ “დონ კიხოტი“ დიდი ტექსტია.შესაბამისად სპექტაკლზე,როგორც ესთეტიკურ პლასტზე, ნაკლებად გავამახვილებ ყურადღებას,რადგანაც ამ შემთხვევაში,რამაც ალბათ დამდგმელი რეჟისორი გ.შალუტაშვილი დააფიქრა,მისი იდეა და შინაარსი უფრო საინტერესოა.ამიტომ ამ კუთხით მიმოხილვა უპრიანი იქნებოდა ჩემთვის არა როგორც ამ სფეროში მომუშავე ადამიანისათვის, არამედ როგორც ერთი ჩვეულებრივი მაყურებლისათვის.

დავანებოთ თავი“ტოტალურ თეატრს“. ესთეტიკა დღეს არა მარტო მესხიშვილის თეატრის, არამედ მთლიანად ქართული კულტურის დეფიციტია და ამ კუთხით თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქართულ თეატრში ძიება ფაქტიურად შეწყვეტილია(ძალიან ცოტაა იმ რეჟისორთა რიცხვი,რომელიც ეძებს)

სპექტაკლი ისტორიული ჟანრისაა და უპრიანი ინებოდა თუ კი მას “დოკუმენტური დრამის“სატუსს მივანიჭებდით.არ მინდა ვაწყენინო რომელიმე მსახიობს,მათი უმეტესობაჩემი ახლო ნაცნობი და მეგობარია,თუმცა ერთს მაინც ავღნიშნავ და ვიტყვი, რომ ვერც ერთ მათგანში მე პირადად ვერ დავინახე რაღაც განსხვავებული საშემსრულებლო მანერა, რაც მათ ადრე ნათამაშები პერსონაჟებისაგან განასხვავებდა.მხოლოდ აქცენტის შეცვლა და ახალი კოსტიუმის მორგება, ჯერ კიდევ არ ნიშნავს ახალი გმირის დაბადებას და თუ კი ჩემი არგუმენტები, არამართებული აღმოჩნდება,დიდი სიამოვნებით ჩავერთვები მათთან ღია პოლემიკაში.ხან და ხან ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა,  რომ ზოგი მათგანი თავის თავს გარედან,მყურებლის თვალით აფასებდა.ეს ის ფაქტორია როცა მსახიობი თავისი პერსონაჟის სიღრმეების სურვილს კარგავს და ზედაპირზე რჩება.ასე მაგალითად სპექტაკლის პირველი სცენა ნიკო რაევსკისა(გ.შალამბერიძე) და ანა აბაშიძის(ნ.კუპატაძე)სასიყვარულო ეპიზოდით იწყება.მთელ სპექტაკლს გაზდევს ამ თემის მოტივი,თუმცა ამჯერად, „მტრობით დანგრეული, მათმა სიყვარულმა ვერ ააშენა“და ორივენი რუსულ-ქართულ ურთიერთობის კონფლიქტს ეწირებიან.მაინცა და მაინც არც ერთი გმირი არ განიცდის  არშემდგარ სიყვარულს და ბოლომდე პირადი მრწამსის მცველებად რჩებიან. თუმცა მაინც, უშუალოდ მთავარ თემას დავუბრუნდები.პიესა(და სპექტაკლი)ასახავს იმ ისტორიული ქრონიკის ეპიზოდს, თუ როგორ აუჯანყდა ქართული სათავადო და ეკლესია რუსულ იმპერიულ წყობილებას. რასაც ამ უკანასკნელმა  აჯანყებას, ისტორიული დოკუმენტაციის მიხედვით“ცერკოვნი ბუნტი“-ს კლასიფიკაცია მიანიჭა.დღევანდელი ქართულ-რუსული კონფლიქტის ფონზე ეს ურთიერთობა კვლავაც აქტუალური რჩება,თუმცა  ამ კონფლიქტის გასამწვავებლად, დრამატურგი და შესაბამისად რეჟისორიც, ჩემი აზრით, ყველაზე სპეკულატიურ მოტივს -“მართლმადიდებლობას“იყენებს.

“ერთობა“! ეს  სიტყვა კამერტონად გაზდევს მთელ სპექტაკლს.თავად რუსი გენერალი ერმოლივი(გ.ზანგური)აღნიშნავს რომ ქართველების “ერთობა“ ძალზედ სახიფათო ძალას წარმოადგენს მათთვის.როცა გლეხი,აზნაური,თავადე,ერი-ბერი ერთიანდება,მაშინ მტერი უძლური ხდება ქართველი ხალხის წინაშე.თუმცა ქართველ მებრძოლთა რიგებს ამ სპექტაკლის შემთხვევაში, მხოლოდ ეკლესია და არისტოკრატია წარმოადგენს.მერე და როგორი არისტოკრატია?თვით ნიცშესაც კი შეშურდებოდა ქრისტიანობის დამცველი, ესოდენ ჯანსაღი ძალისა.მისთვის(ნიცშესთვის)ხომ ქრისტიანობა, ყოველთვის გლახაკთა და უპოვართა მფარველი ძალა იყო,რისთვისაც ის ქრისტიანობას აკრიტიკებდა.

მთავარი კონფლიქტი რუსულ და ქართულ“მართლმადიდებლობას“შორის არსებული შეუსაბამობის პრობლემაა.თუ კი აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, თუ როგორ ცბიერად შემოიჭრა ერთმორწმუნე რუსეთი “მართლამადიდებლური“ ნიღბის ქვეშ ამოფარებული და ცდილობს ქართული ქრისტიანული ტრადიციები აღმოფხვრას,მაშინ კარგი იქნებოდა იმაზეც ესაუბრათ სპექტაკლის დრამატურგს და რეჟისორს თუ რით განსხვავდება ერთმანეთისაგან „მონღოლურ ფესვებზე აღმოცენებული რუსული მართლამდიდებლური მსოფლმხედველობა,“ ქართულისაგან. პრობლემაც სწორედ ამაში მდგომარეობს.რელიგიის ხედვა ორივე მხრიდან ყოველგვარ კულტურულ კონტექსტსაა მოკლებული. რაც ამ შემთხვევაში იმის წინაპირობაა, რომ სპექტაკლის სათქმელს მეტისმეტად შაბლონურს,პლაკატურ სახეს აძლევს. იმდენად პლაკატურს, რომ რიგ შემთხვევაში თავი მე-11 კლასელების მიერ დადგმულ ღონისძიებაზე მეგონა და თუ კი ამ ყველაფერს, არმენოფობიულ კომპლექსს დავუმატებთ,რომელიც ნათლად გ.მიქაძის მიერ ასახულ პერსონაჟში აისახება,  ეს ღონისძიება ალბათ“ეროვნული მოძრაობის“ეპოქაში უფრო აქტუალური იქნებოდა.თუმცა მენტალური თვალსაზრისით  ჯერ-ჯერობით მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა და ალბათ ამიტომაც ჩათვალა რეჟისორმა საჭიროდ ეს სპექტაკლი მეორედ განეხორციელებინა(პირველი ვერსია ს.ახმეტელის თეატრის სცენაზე დაიდგა).

აგრეთვე მინდა  ორიოდ სიტყვა ვთქვა იმ “ვირტუალური განძის“ შესახებ,რომელიც ასევე სპექტაკლის მთავარი თემაა.ვურტუალურითქო იმიტომ ვამბობ, რომ მას არანაირი მატერიალური თუ კულტურული ღირებულება არ გააჩნია. თუმცა მის შენახვას და გადარჩენას გმირებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ ეს „განძი“ ,  ონანიზმის დროს აღმოცენებულ ილუზიას მაგონებს,როდესაც წარმოსახვაში ფლობ იმას,  რისი დეფიციტიც რეალურ ცხოვრებაში გაგაჩნია.შეიძლება მართლაც გაგვაჩნდეს რაღაც “განძი“, რომელიც ქართველებს სხვა ერებისაგან კულტურული თვალსაზრისით განგვასხვავებს(თუმცა უპირატესობაზე საუბარი მგონი ზედმეტია)მაგრამ ის(განძი)იმდენად იზოლირებულია და მისდამი დამოკიდებულება იმდენად ზედაპირულია, რომ ამ ეტაპზე მისი მატერიალიზაცია ჩვენ კოლექტიურ წარმოსახვას ვერ ცდება.

შეიძლება ამ წერილმა ბევრი ჩემი ნაცნობი გაანაწყენოს,თუმცა ავღნიშნავ რომ არც  მათი გულის მოსაგებად ვწერ, ვისაც შეიძლება მოეწონოს. მაგრამ ალბათ, უმეტესწილად მოცლილი მკითხველი განაწყენდება,რადგან ჩვენ არასდროს ვსიმპათიზირებდით აზრზს, რომელიც პათეტიური „ერთობის“ წინაამღდეგიყო მიმართული და შესაბამისად ორ უკიდურესობას (ონანიზმსა და კორპორატიულ რელიგიას) შორის გავეჩხირეთ. დიახ,მობილური ქსელის სერვისის არ იყოს,რელიგიის ჩვენებური აღქმაც კორპორატიულია და თუ კი ამ მოჯადოვებული კორპორაციიდან გამოსვლას დავაპირებთ,რა თქმა უნდა აუცილებლად დავზარალდებით. თუმცა,  თუ კი ამ კორპორაციაში დარჩენას გადავწყვეტთ,კიდევ ერთხელ მოვიყვან მაგალითისათვის დიდი ესთეტისა და კულტურული ფენომენის რეზო გაბრიძის სიტყვებს რომელიც რამოდენიმე ხნის წინ ვებ-გვერდ youtube – ზე  მოვისმინე: “мы перестали молиться,для нас молитва-индивидуальное шоу”

3 ნაწილი

“კიჩის პირველწყარო-ყოფასთან მიმართებაში კატეგორიული თანხმობაა.

კიჩი შირმაა, რომელიც სიკვდილის არსებობას ფარავს.

კიჩის ტოტალურ იმპერიაში პასუხები უკვე იმთავითვე ცნობილია და ნებისმიერი კითხვა დაუშვებელია. აქედან გამომდინარე, კიჩის პირველი მტერი ის ადამიანია, რომელიც კითხვას სვამს“(მილან კუნდერა).

სპექტაკლის დასრულებისას ერთი კითხვა დამებადა, რომელიც ვერ დავსვი,თუმცა ვიფიქრე,რომ მსახიობების „პაკლონზე“გამოსვლის შემდეგ სათხილამურო აღჭურვილობით გამოჩნდებოდა პრეზიდენტი,  მ.სააკაშვილი,რომელიც სავარაუდოდ სვანეთიდან ჩამოვიდოდა(რადგანაც „განძი“სწორედ ამ კუთხეში იყო გადამალული) და დამდგმელ პერსონალს ღირსების ორდენებს გადასცემდა. თუმცა ალბათ ეს იმ მიზეზით არ მოხდა,რომ კიჩსაც, ხარისხიანად შესრულება სჭირდება.

Posted in კულტურა | 8 Comments